ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა და აშშ-ს 1917 წელს მიღებული „ჯაშუშობის აქტის“ რეფორმირებისკენ მოუწოდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა.
როგორც ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, ასანჟის მიმართ ჩადენილი ქმედებები იძლევა საშუალებას, რომ მას ჰქონდეს პოლიტპატიმრის სტატუსი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში გამოხატა ღრმა შეშფოთება ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და აღნიშნა, რომ ამას ჰქონდა საშიში გავლენა, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და ანონიმური წყაროების დაცვას მთელ მსოფლიოში.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ამერიკას, გამოიძიოს ასანჟისა და „ვიკილიქსის“ მიერ გამოვლენილი შესაძლო ომის დანაშაულები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აშშ-ს მოუწოდა 1917 წელს მიღებული „ჯაშუშობის აქტის“ რეფორმირებისკენ, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება გამომცემლების, ჟურნალისტებისა და ანონიმური წყაროების მიმართ, რომლებიც ასაჯაროებენ კლასიფიცირებულ ინფორმაციას სერიოზული დანაშაულების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
გარდა ამისა, რეზოლუცია აკრიტიკებს ბრიტანეთის მთავრობას გამოხატვის თავისუფლებისა და ასანჟის თავისუფლების არაეფექტურად დაცვაში, ასევე მის მიმართ მკაცრი რეჟიმის ციხეში ხანგრძლივი პატიმრობის გამოყენების გამო, მიუხედავად მის წინააღმდეგ წაყენებული უმძიმესი ბრალდებების პოლიტიკური ხასიათისა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასანჟის საქმე მას შემდეგ განიხილა, რაც მან პირადად მიმართა ასამბლეას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსმენაზე. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.
ცნობისთვის, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟიმ საპატიმრო ამ წლის ივნისში დატოვა. ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა. წლების განმავლობაში აშშ ამტკიცებდა, რომ „ვიკილიქსის“ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. „ვიკილიქსიის“ დამფუძნებელი კი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა. მათ შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან. ასანჟი შვიდი წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, ვიდრე 2019 წელს პოლიცია დააკავებდა.