ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა არ შეასრულა ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა 20 წლის წინ ევროპის საბჭოში ქვეყნის გაწევრიანების შედეგად.
აზერბაიჯანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.
„ძალიან სერიოზული შეშფოთება რჩება აზერბაიჯანის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ძალაუფლების დანაწილებაზე, მისი საკანონმდებლო ხელისუფლების სისუსტეზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, როგორც წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მრავალ გადაწყვეტილებაში და ვენეციის კომისიის მოსაზრებებში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს არ მიეცათ უფლება, შეხვედროდნენ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იყვნენ დაკავებულები; ორგანიზაცია არ არის მიწვეული მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა მომხსენებლებს ქვეყანაში ვიზიტებზე უარი ეთქვათ.
„აზერბაიჯანის დელეგაციამ შეიძლება, განაახლოს საქმიანობა ასამბლეაში, როდესაც რეგლამენტით გათვალისწინებული პირობები დაკმაყოფილდება“, – განაცხადეს დეპუტატებმა.
ამასთან, აზერბაიჯანის დელეგაციამ ამ საკითხზე 24 იანვარს გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტენ.