ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე დღეს იმსჯელებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე დღეს იმსჯელებს. როგორც რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, თუ ასამბლეა რუსეთის დელეგაციისთვის ყველა უფლებამოსილების აღდგენას არ დათანხმდება, მაშინ რუსი კანონმდებლები სტრასბურგს დატოვებენ და მოსკოვი ევროსაბჭოს საწევრო გადასახადს არ გადაიხდის.
25 ივნისს რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას ივნისის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
ამასთან, რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრმა, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ამის გამო, ასამბლეის თავმჯდომარემ დაავალა კომიტეტებს, ახალი ანგარიში მოამზადონ, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება იმ გარკვეულ შეზღუდვებზე, რომელიც რუსი დეპუტატების წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ რუსეთი უფლებამოსილების შეზღუდვას არ შეეგუება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე დაგეგმილია ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნის არჩევნები. დეპუტატები ორ კანდიდატს უყრიან კენჭს; ესენი არიან: ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ბელგიის ვიცე-პრემიერი დიდიე რეინდერსი.