ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შალვა პაპუაშვილს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით წერილით მიმართა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან.
ო’ფლაჰერტი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, რომ ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტ ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც მათ სტიგმატიზებას იწვევს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე აცხადებს, რომ კანონპროექტი ქმნის ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
ო’ფლაჰერტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ ცუდი განწყობების გამო, მათ შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შინაარსი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტის მსგავსია, რაზეც ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება საქართველოში ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერებას საფრთხეს ქმნის.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამდიდრების წყაროს“, – ნათქვამია წერილში.