ევროპის საბჭომ ირანის ოფიციალური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭო ირანის ოფიციალური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. როგორც ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი სამოქალაქო საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობაში მათი მონაწილეობა გახდა.
„ევროპის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, დაწესდეს შემაკავებელი ზომები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ორ სუბიექტზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, გაყინოს ირანის რევოლუციური გვარდიის საინვესტიციო ჯგუფის აქტივები, რისი მიზეზიც ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მათ მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა გახდა. ევროპის საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, შავ სიაში შეიყვანოს სტუდენტური ორგანიზაცია „ბასიჯი“, რომელიც, მათი თქმით, უნივერსიტეტის კამპუსებში ისე მოქმედებს, როგორც რევოლუციური გვარდიის აღმასრულებელი ძალა.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სანქციების სიას დაემატება ხუთი ფიგურა, მათ შორის პოლიციის სამი მეთაური, კიბერუსაფრთხოების მაღალჩინოსანი და რეგიონული პროკურორი.