ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთსა და ბელარუსს პროექტების დაფინანსებას უწყვეტს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთსა და ბელარუსს პროექტების დაფინანსებას უწყვეტს

ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო.

საბჭოს განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წვდომა ბანკის რესურსებზე დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ აღნიშნულ ქვეყანაში ბანკის მხრიდან არ მოხდება ახალი პროექტების დაფინანსება ან ახალი ტექნიკური თანამშრომლობა. ამასთან, საბჭოს განმარტებით, ბანკი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეაჩერებს ან შეწყვეტს უკვე არსებული პროექტების დაფინანსებას.

ბანკმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვსა და მინსკში საკუთარი წარმომადგენლობების დახურვის პროცესში იმყოფება.

„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის თანამშრომლობისა და ორივე ქვეყანაში საქმიანობის შემდეგ მივედით ამ მომენტამდე, თუმცა უკრაინაში ომმა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი, არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გამოგვეხატა ჩვენი დაგმობა არა მხოლოდ სიტყვებით. ასევე, აუცილებელია ქმედებები, რათა ორივე ქვეყანას არ შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ჩვენი შეფასებით მათ დაარღვიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ.

ამასთან, ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ინფორმაციით, დღესდღეობით ბანკი კონცენტრირებულია 2 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის გამოყოფაზე უკრაინის და ლტოლვილთა კრიზისით დაზარალებული რეგიონის სხვა ქვეყნების მდგრადობისა და საარსებო საშუალებებით უზურნველყოფაზე.