ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრისას რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრისას რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.