ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მისაწვევი წერილი გაუგზავნეს.

წერილში აღნიშნულია, რომ პლენარული სესია უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრით დაიწყება, რაც მიგრაციასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მსჯელობით გაგრძელდება.

ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სესია ასევე განიხილავს დაკავშირებას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინტერნეტტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის თვალსაზრისით.

„დღევანდელი რეალობა გამოირჩევა მრავალი კრიზისით. რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ მესამე წელია და კვლავ მძვინვარებს. ახლო აღმოსავლეთში მზარდი მომაკვდინებელი ძალადობა ძლიერდება და შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. აფრიკაში ასევე იზრდება კონფლიქტები და არასტაბილურობა. არალეგალური მიგრაცია და მისი ინსტრუმენტალიზაცია დამატებით გამოწვევას უქმნის ევროპას. გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთხელ მიდის ფრაგმენტაციისკენ, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკურ მოდელებზე. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ჩვენს რეგიონში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ ამ კრიზისების მოსაგვარებლად, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – აღნიშნულია წერილში.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების წინა სამიტი ბრიტანეთში მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა, რომელსაც 47 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ჩატარდება. 2025 წელს სამიტს ალბანეთი უმასპინძლებს.