შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე დღეს ღამით, 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა 2 ივლისის 09:00 საათამდე დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა იქნება დაკეტილი).
ღონისძიების გამო, მოძრაობა აკრძალული იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის და მეტეხის ხიდის გავლით ვახტანგ გორგასლისა და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.