ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პირველი არხის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართეს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პირველი არხის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართეს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები დღეს პირველ არხს ესტუმრნენ. მათ პირველი არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინართან დაკავშირებით, რომელსაც პირველი არხი მასპინძლობს.

პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, კონფერენცია ეხება ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც აქტუალურია ყველა ტელევიზიისთვის.

„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიასთან ერთად აფუძნებს რეგიონულ ჰაბს, სივრცეს, სადაც შეიკრიბებიან რეგიონებიდან მედია-პროფესიონალები და ჩატარდება სხვადასხვა სემინარი სხვადასხვა თემაზე. ხვალ ჩვენ გვეწყება სემინარი, რომელიც ეხება ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც ასეთი აქტუალურია ყველა ტელევიზიისთვის. განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის, რომლებიც ამ პროცესს ახლა გადიან.

სემინარში მონაწილეობას ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მიიღებენ. ჩამოსული არიან პროფესიონალები, რომლებიც შეაჯამებენ მათ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, მოგვცემენ რჩევებს, როგორ შევიცვალოთ სწრაფად და ხარისხიანად, გაგვიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დღე გველოდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა, რომ დაგეგმილი კონფერენცია – „ციფრული ტრანსფორმაცია“ მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბევრი მაუწყებლისთვის.

„ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ რეგიონულ ღონისძიებას ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივაზე და მადლობელი ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ძალიან ბევრი მაუწყებლის გამოწვევა. პირველ არხს ჩვენ უკვე გავუწიეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ამას გავაგრძელებთ.

ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს სახეზე. ციფრული ტრანსოფრმაცია არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლასა და გაზიარებას, როგორ ცვლი სტრატეგიას, როგორ ახორციელებ და როგორ ემზადები ციფრული სამყაროსთვის. ევროპის მაუწყებელთა კავშირში უკვე მრავალი მაუწყებელი მიყვება ციფრული ტრანსფორმაციის გზას და განვითარებული აქვს შესაბამისი სტრატეგია და მათი მაუწყებლობა უფრო მეტადაა მორგებული ციფრულ ერას, მაყურებელთა ახალ მოთხოვნებსა და მაყურებლის, როგორც მომხმარებლის ჩვევებს“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.

პირველი არხი რეგიონულ კონფერენცია-სემინარს „ციფრული ტრანსფორმაცია“ 13-14 თებერვალს უმასპინძლებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო.