ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრებს განაგრძობენ

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის თავმჯდომარე, ციფრული ტრანსფორმაციისა და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს სტუმრობდნენ. დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და ფუნქციაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში. ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა დღეს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართეს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ტექნიკურ დირექტორთან, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოსა“ და არხის ვებპლატფორმის ხელმძღვანელებთან. EBU-ს დელეგაციამ ასევე დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის რამდენიმე სტუდია და საეთერო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში არხზე ძირეული ტექნიკური გადაიარაღება განხორციელდა, რომელიც რამდენიმე კვირაში ახალი საეთეროების, სამონტაჟოს, საარქივო პროგრამის გაშვებით დასრულდება. ორ კვირაში ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ყველა გადაცემის ავტომატიზაცია მოხდება, რაც მაღალი გარჩევადობის სატელევიზიო სტანდარტში ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.