ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა [ფოტო]
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა.
მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე. ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში მაუწყებლისთვის ულტრათანამედროვე, ყველა სტანდარტს მორგებული შენობა.
„ეს ახალი შენობა ჩემთვის შთამბეჭდავია. მოგზაურობის დროს მე მინახავს მაუწყებლები მთელ ევროპაში და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და აღმაფრთოვანებელი პროექტი, რაც კი მინახავს. ის შეცვლის სამუშაო გარემოს. ის არის ძალიან ღია, გამჭვირვალე. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ციფრულ ტექნოლოგიებში, რაც არის ნაწილი იმისა, რის გაკეთებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს. ასე რომ, ეს არის ფანტასტიკური. აღფრთოვანებული ვარ“, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენრალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა.
ნოელ კურანი თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2023 წლის ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას საქართველოს პირველი არხი მასპინძლობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და მას EBU-ს წევრი 47 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.