ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი - პირველი არხის ახალი შენობა ჩემთვის შთამბეჭდავია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, აღმაფრთოვანებელი პროექტი, რაც კი მინახავს
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა ჩემთვის შთამბეჭდავია. მოგზაურობის დროს მე მინახავს მაუწყებლები მთელ ევროპაში და უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, აღმაფრთოვანებელი პროექტი, რაც კი მინახავს, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა განაცხადა, რომელმაც, თინათინ ბერძენიშვილსა და ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა.
„ის შეცვლის სამუშაო გარემოს, ის არის ძალიან ღია, გამჭვირვალე. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ციფრულ ტექნოლოგიებში, რაც არის ნაწილი იმისა, რის გაკეთებასაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს. ასე რომ, ეს არის ფანტასტიკური. აღფრთოვანებული ვარ“, – განაცხადა ნოელ კურანმა.
ნოელ კურანი თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2023 წლის ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას საქართველოს პირველი არხი მასპინძლობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და მას EBU-ს წევრი 47 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.