ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი ვასილ მაღლაფერიძეს მადლობას უხდის
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ნოელ კურანი ვასილ მაღლაფერიძეს წერილს უგზავნის და მადლობას უხდის იმ წარმატებებისთვის, რომლებსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დირექტორობის პერიოდში მიაღწია.
ნოელ კურანი წერილში აღნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობის დროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარდაქმნა საკუთარი იმიჯი, მოიზიდა ახალი მაყურებელი და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას საქართველოში.
„ძვირფასო ვასილ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება, დატოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სახელით მინდა, მოგილოცოთ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში მრავალი მიღწევა და მემკვიდრეობა, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უტოვებთ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარდაქმნა საკუთარი იმიჯი, გაამდიდრა პროგრამული ბადე, დაამკვიდრა და შეიმუშავა ძლიერი ციფრული და ონლაინმაუწყებლობა, მოიზიდა ახალი მაყურებელი და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას საქართველოში. რთული და გამოწვევებით სავსე წლის დასაწყისში ჩვენ დავინახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მტკიცე ნაბიჯები ღირებული და სანდო კონტენტის მისაწოდებლად, მათ შორის საგანმანათლებლო კონტენტის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის, რომელსაც იზოლაციის განსაკუთრებულ პირობებში მოუწია ცხოვრება.
გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში და მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებულ მიღწევებზე დაყრდნობით გააგრძელებს სწრაფვას სრულფასოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის გზაზე.
ასევე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ თინათინ ბერძენიშვილს, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის, ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა გენერალური დირექტორის მოვალეობების შესრულებისას“ , – ნათქვამია ნოელ კურანის წერილში.