ევროპის მაუწყებელთა კავშირი კოვიდ-19-ის პანდემიის დროს საზოგადოებრივი მედიის მიერ მიღებული ზომებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში საუბარია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივებსა და პროექტებზეც.
„კოვიდ-19-ის პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და ჩვენი ადგილი მასში – ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის და მათი ერთმანეთთან ურთიერთობებისთვის. ეს იყო ძალიან მტკივნეული და დამანგრეველი, პანდემიის შედეგები კიდევ გამოვლინდება მომავალ წლებში. თუმცა კრიზისთან ერთად, ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო მეტ პოზიტიურ შედეგებს, როგორიცაა საერთო მიზნების წარმოქმნა, სოლიდარობა, კრეატიულობა, მოქნილობა და ინოვაცია, რისი წარმოჩენაც ჩვენ გვსურდა ამ ანგარიშში. ევროპის მაუწყებელთა კავშირი მსოფლიოში საზოგადოებრივი მედიის უმსხვილესი ალიანსია და ეს ანგარიში აჩვენებს, თუ როგორი იყო ჩვენი წევრების რეაგირება პანდემიაზე და როგორ შეძლეს მათ კარანტინით გამოწვეული კონტენტის დაუცხრომელი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენს წევრებს გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, მიაწოდონ სანდო ახალი ამბები, ინფორმირებული ანალიზი, საგანმანათლებლო რესურსები და მაღალი ხარისხის გართობა, რაც აუდიტორიას სჭირდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში. ეჭვგარეშეა, რომ გაკვეთილები, რომლებიც მათ ისწავლეს ამ გამოცდილებით, მათ ფორმირებას მოახდენს მრავალი წლის განმავლობაში. აღნიშნული ანგარიში მოიცავს ჩვენი წევრების მხოლოდ ზოგიერთ ინიციატივას, რომელიც სხვებისთვის შთაგონებას წარმოადგენს და ზუსტად უსვამს ხაზს, თუ რატომ არის დაახლოებით 100-წლიანი ისტორიის განმავლობაში ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი, კარგად დაფინანსებული საზოგადოებრივი მედია“, – ნათქვამია ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშის შესავალ ნაწილში.
ანგარიშში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე პროექტი მოხვდა, მათ შორის ონლაინპლატფორმა „ანტიფეიკი“.
„ყალბი ახალი ამბების ფენომენმა მსოფლიოში მაუწყებლებისთვის სერიოზული გამოწვევები შექმნა – კოვიდ-19-ის პანდემიამ ინფორმაციის სანდო, გადამოწმებული წყაროებისადმი საზოგადოებრის მოთხოვნა მხოლოდ გაზარდა დაბნეულობისა და სიცხადის ნაკლებობის დროს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზიანო დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა პროექტი „ანტიფეიკი“. ვებპლატფორმაზე გამოქვეყნებული ყველა ახალი ამბავი გადის გადამოწმების უმკაცრეს პროცედურებს მაშინ, როდესაც ყალბი აბები ვრცელდებოდა ქვეყანაში მრავალ მედიაპლატფორმაზე. შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს ინფორმაცია და დასვან კითხვა ახალი ამბის აუთენტურობასთან დაკავშირებით. მეტიც, ამ ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია, მომხმარებლებმა წარადგინონ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და მიიღონ პასუხი ფაქტების გადამოწმების შემდეგ. პლატფორმაზე გამოქვეყნებული ამბები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: „სიმართლე“, „დიდწილად სიმართლე“, „დიდწილად ტყუილი“, „სიყალბე“ და „აბსურდი“, – წერია ანგარიშში.
„კაცები ზრუნავენ“ – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშშია წარმოდგენილი.
„გენდერული სტერეოტიპები და მათი ადაპტირება საზოგადოების სასიკეთოდ დღევანდელი აქტუალური თემებისგან და სათაურებისგან შორს არასდროს არის. კოვიდ-19-ის კრიზისი, როდესაც ქალები გაზრდილი საშინაო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ, ხოლო ტრადიციული როლები ბუნდოვანი გახდა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიყენა როგორც შესაძლებლობა, შეეტანა ცვლილებები საკუთარ როლში. გაეროს პროგრამის „კაცები ერთად ბავშვებისათვის“ (Men United for Children) ფარგლებში, პირველმა არხმა მოამზადა 14 ვიდეორგოლისგან შემდგარი კონტენტი, რომელთა ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ასევე ისინი ხელმისაწვდომი იყო არხის ვებგვერდსა და „იუთუბზე“. ვიდეორგოლებში კაცები და მამები ჰყვებიან, როგორ მოერგნენ ცვალებად გარემოებებს და როგორ ჩაერთნენ უფრო მეტად ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა სახლში სწავლა მაშინ, როდესაც მრავალი ქალი ასრულებდა სასიცოცხლო მნიშვნელობის, მოწინავე როლს გლობალური პანდემიის პირობებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ანგარიშში ასევე წარმოდგენილია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ვიდეომიმართვა.
„კოვიდ-19-ის გავრცელების გამო, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა პრევენციულ ზომებს, რათა საკუთარი საქმიანობა შეუფერხებლად შეესრულებინა და დაეკმაყოფილებინა აუდიტორიის ახალი მოთხოვნები, რომლებიც პანდემიის პირობებში გაჩნდა. სკოლების დახურვის შემდეგ, ჩვენ სასწრაფო წესით დავაფუძნეთ ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და რომლის საშუალებით საქართველოში აკადემიური წლის გამოცხადების თავიდან აცილება მოხდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ტელესკოლა და საქართველოში წარმოდგენილი დისტანციური სწავლების მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო. იზოლაციის აუცილებლობის გააზრების გარდა, მშობლებისა და მათი შვილებისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა უჩვეულო სიტუაციასთან შეგუება და ახალი უნარების განვითარება. ონლაინსწავლებამ და მუშაობამ გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა ან პირადი სივრცე, განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში დიდი ოჯახები აღმოჩნდნენ. ჩვენ სწრაფად გავაცნობიერეთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, მრავალსულიანი ოჯახები და მოწყვლადი ჯგუფები. ორ კვირაში ჩვენ არხი საგანმანათლებლო პლატფორმად ვაქციეთ, სადაც ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია, ისწავლოს ყველა საგანი. არხი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სურდოთარჯიმნის საშუალებით.
გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების გარდა, ჩვენი მთავარი ამოცანა საზოგადოების საჭიროებების რაც შეიძლება, სწრაფად დაკმაყოფილებაა. პანდემიის დროს ჩვენ დავიწყეთ ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს უამრავი ყალბი ახალი ამბავი ვრცელდებოდა ქართული მედიაპლატფორმების დიდ ნაწილში, რაც ინფოდემიას ჰგავდა. ახალ ონლაინ პლატფორმაზე https://antifake.1tv.ge/ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოაგზავნოს სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ვებგვერდზე მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული და არგუმენტირებული პასუხი.
აუდიტორიის შეცვლილმა ქცევამ გვაჩვენა, რომ მათ იზოლაციის პირობებში, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნისას, მხარდაჭერა სჭირდებათ. ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის კოლეგების მსგავსად, ჩვენ ვებგვერდზე შევქმენით აპლიკაცია სახელწოდებით „შენ მარტო არ ხარ“, სადაც ადამიანებს იზოლაციაში ყოფნისას შეეძლოთ, გამოეგზავნათ ვიდეოგზავნილები. ეს კამპანია ისეთი ვირუსული გახდა, გამოიწვია ისეთი პოზიტიური შედეგები და ჩართულობა აუდიტორიის მხრიდან, რომ ამან მიგვიყვანა მსოფლიოსადმი პოლიფონიურ მუსიკალურ გზავნილამდე „შენ მარტო არ ხარ“. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას ენა არ სჭირდება, ჩვენ ეს მუსიკალური ვიდეო 14 სხვადასხვა ენაზე გამოვუშვით.
ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ არტისტებსა და ხელოვნების სექტორს. კარანტინის, შეზღუდვების გამო, მათ არ ჰქონდათ საშუალება ქვეყანაში ხალხის წინაშე წარმდგარიყვნენ. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა მათი მხარდაჭერის ალტერნატიული გზა და შესთავაზა მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმა. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე თავად ხელოვანებისთვის.
ამ კრიზისმა აჩვენა ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანების მნიშვნელობა. წარმოუდგენლად სწრაფად ორგანიზაციამ გააერთიანა მსოფლიო – მრგვალი მაგიდები, ტელევიზია, რადიო, ახალი ამბები, ბავშვთა საკითხები, გენდერული თანასწორობა – საუკეთესო გამოცდილების გაზიარება პანდემიის დროს იყო უკიდურესად სასარგებლო. სწრაფად და დროულად შეიქმნა სოციალური მედიის ჯგუფები, რაც მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაციის წევრებს შორის პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ასევე აღსანიშნავია, ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის ტრენინგები – სახლიდან მუშაობის გამოცდილების არარსებობის პირობებში, აკადემიამ უზრუნველყო ღირებული ხელმისაწვდომი სესიები სხვადასხვა საკითხებზე. რადიოკონცერტების გაცვლა, პანდემიის დროს გაფართოებული უფლებები იყო არსებითად მნიშვნელოვანი მსმენელთა გართობისთვის. თუმცა ალბათ ყველაზე მეტად საყურადღებოა კონტენტის გაცვლის პროექტი. კონტენტი არის მთავარი და მისი ატვირთვა, გაზიარება საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ ერთგვარ მარათონად იქცა. ეს იყო სოლიდარობის უდიდესი მაგალითი. გუნდი ქმნის წარმატებას. მე მჯერა, რომ ორგანიზაციამ იმუშავა სწორ დროს და სწორ ადგილას. მადლობა ევროპის მაუწყებელთა კავშირის მთელ გუნდსა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ოჯახის წევრებს“, – ამბობს თინათინ ბერძენიშვილი.