„ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“ - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდება სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან
ევროპარლამენტში „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების პოლიტიკური ჯგუფი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პროდასავლელი ლიდერისა და ყველაზე დიდი ოპოზიური პარტიის მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დბარუნების შემდეგ დაპატიმრების გამო.
ბატონ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს სამშობლოში. მის წინააღმდეგ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ლიდერი თავად აირჩიონ. პოლიტიკოსებმა დებატები თავისუფლად უნდა შეძლონ და არა ციხიდან წერილებით.
ბატონ სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი მიღწევები, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. ცხადია, რომ სააკაშვილის პროევროპულმა და პრო-ტრანსატლანტიკურმა პოზიციამ საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრასთან, რომელიც შეეცადა, გაენადგურებია დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში.
„ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“ შეგახსენეთ, რომ სააკაშვილის ქმედებებმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში პირველად გახადა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შესაძლებელი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური რევანშიზმი არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაროს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის წევრების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლითაც მათ წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარეს. „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდება სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე აზიარებს პოლონელი ევროდეპუტატი ანა ფოტიგა, რომელიც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრია და ამჟამად საქართველოში იმყოფება.