ევროპის ცენტრალური ბანკი - სავაჭრო ომის ესკალაცია ყველაზე მეტად აშშ-ს დააზარალებს
გლობალური სავაჭრო ომის ესკალაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა სავაჭრო პარტნიორს ჩაითრევს, ყველაზე დიდი ზიანს თავად აშშ-ს მიაყენებს, – ასეთ გაფრთხილებას ევროკავშირის ცენტრალური ბანკი იძლევა. ინფორმაციას ბრიტანული გამომცემლობა Financial Times-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში აშშ არათანაბარ პირობებშია, რადგან პარტნიორების ნაწილი პროტექციონისტულ ზომებს იყენებს. ტრამპი ცდილობს სავაჭრო ურთიერთობების გათანაბრებას იმპორტზე დამატებითი კვოტებისა და ტარიფების შემოღების გზით მიაღწიოს.
თუმცა ვაშინგტონის ახალ საიმპორტო კვოტებსა და გადასახადებს პარტნიორებიც ახალი ტარიფებით პასუხობენ და სავაჭრო დაძაბულობა იზრდება. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ასეთი პოლიტიკა ყველაზე მეტად თავად აშშ-ს დააზარალებს.
ევროპის ცენტრალური ბანკის ეკონომისტებმა ჩაატარეს კვლევა ჰიპოთეტურ სცენარზე დაყრდნობით.
ამ სცენარის მიხედვით, თუ აშშ თავისი ყველა სავაჭრო პარტნიორის იმპორტს 10 პროცენტით დაბეგრავს და ისინიც ადეკვატური ტარიფებით უპასუხებენ, აშშ-ის ეკონომიკა ტარიფების ამოქმედების პირველსავე წელიწადს 2 პროცენტით შემცირდება, გლობალური ვაჭრობა კი 3 პროცენტით. ამის პარალელურად წახალისდება აშშ-ის მთავარი კონკურენტის, ჩინეთის ექსპორტი და ჩინელი ექსპორტიორები ამერიკელი კონკურენტების ბაზრის წილს დაიკავებენ.
ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკაც დაზარალდება და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 0.75 პროცენტით შემცირდება.
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ცენტრალური ბანკების მიერ ადრე ჩატარებული კვლევებით უფრო დრამატული პროგნოზებია. ინგლისის ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით, აშშ-ისა და მის სავაჭრო პარტნიორებს შორის 10 პროცენტიანი ტარიფების დაწესების შემთხვევაში, აშშ-ის ეკონომიკა 2.5 პროცენტით, გლობალური ეკონომიკა კი ერთი პროცენტით შემცირდება.
საფრანგეთის ეროვნული ბანკის ეკონომისტები კი, იგივე სცენარის განვითარების შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკა სანქციების ამოქმედების პირველ წელს ორი პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი, 2.9 პროცენტით.
არსებული პროგნოზები არ ასახავს ორშაბათს ვაშინგტონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ 200 მილიარდი დოლარის ჩინურ იმპორტს მომავალი კვირიდან 10 პროცენტიანი ტარიფით დაბეგრავს. საპასუხოდ, ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის იმპორტს 5 და 10 პროცენტიანი ტარიფებით დაბეგრავს. ამერიკულ იმპორტზე ახალი გადასახდის დაწესებას პაკისტანი და ინდოეთიც აპირებენ.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ 13 სექტემბერს გააკეთა განცხადება, რომ ვაშინგტონსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია ევროზონის ეკონომიკისთვის „გაურკევევლობის მთავარი წყაროა.“
Financial Times-ის განმარტებით, უშუალოდ ევროზონა თეთრის სახლის ტარიფებით პირდაპირ არ დაზარალებულა, მაგრამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობის მიზეზით, ექსპორტი უკვე შეუმცირდა და ბიზნესის პოზიტიური განწყობაც შეირყა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გასულ კვირაში ევროზონისა და აშშ-ის ეკონომიკების ზრდის 2019 წლის პროგნოზი შეამცირა და მთავარ მიზეზად გლობალური სავაჭრო ომი დაასახელა.