ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ფეხბურთის ფედერაციაში სტიუარდთა მიღება დაიწყო #1TVSPORT
ევრო 2023-ისთვის, რომელსაც ზაფხულში საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს, სტიუარდთა მიღება დაიწყო.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატების პირველ ნაკადთან გასაუბრების ეტაპი ჩატარდა და უახლოეს მომავალში ისინი შესაბამის მომზადებას გაივლიან.
კანდიდატებს ჩაუტარდებათ უეფა-ს სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგენილი სემინარები, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები.
ევროპის ჩემპიონატის გარდა, სტიუარდები ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან, მათი სამსახური ანაზღაურებადი იქნება.
საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება, ფინალი კი ბათუმში ჩატარდება.