„ევროპელი სოციალისტები“ ტაივანის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ევროპელი სოციალისტები“ ტაივანში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ აღიარებს რა და მტკიცედ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპს, არ ცნობს ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს.
„საქართველო, როგორც ერთგული საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებებისა და მიერთებული არაერთ კონვენციასა თუ ხელშეკრულებას, ტაივანს განიხილავს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად. შესაბამისად, „ევროპელ სოციალისტებს“ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
ამასთანავე, მოვუწოდებთ გარე ძალებს, თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეში ჩარევისგან, ვითარების ესკალაციის პროვოცირებისგან და ხელი შეუწყონ „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის მშვიდობიან განხორციელებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენს მადლიერებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისადმი, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და აქტიური მხარდაჭერისათვის“, – ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.