„ევროპელი სოციალისტები“ - საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს უკლებლივ ყველა წევრი კატეგორიულად ემიჯნება სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი არის ანტიდასავლური განწყობის, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებენ.
„პოლიტსაბჭოს ამჟამინდელი წვერების მიერ სხადასხვა წლებში, სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული განცხადებები შეუძლებელია ყოფილიყო მიმართული საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თითოეული კომენტარი, თუ განცხადება იყო გამსჭვალული მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ჩამოყალიბების შემდეგ დღევანდელ მედიაში მოხდა იმჟამინდელი განცხადებების ხელახლა წარმოჩინება, რომლის უმეტესობა არის დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს ორიენტირებული მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
„საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი. პარტიის თავჯდომარე, ბატონი ფრიდონ ინჯია გახლავთ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტიის საპარლამენტო დეპუტატთა საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ თანამეგობრობაში. ევროპელი სოციალისტების ხედვა საქართველოს მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით სწორედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება. პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს ორიენტირებული მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, პარტიის მთავარი იდეოლოგია ეფუძნება ეროვნულ და პატრიოტულ სულისკვეთებას.
„ევროპელი სოციალისტების“ სამომავლო გეგმაში უმთავრესი ადგილი უკავია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას.
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პარტიას გააჩნია საკუთარი გეგმები, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. მათი მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, ქმედითი ზომები გაატაროს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და პანდემიიდან გამოწვეული მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „ევროპელი სოციალისტების“ მთავარი პრიორიტეტია. უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში, მით უფრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩართულია სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში და ეს ქვეყნისთვის დიდი პრვილეგიაა. „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ საქართველოს ოკუპაციას და არ დავიშურებთ ძალისხმევას, ვიბრძოლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და გამთლიანებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.