ევროპელი პოლიტიკოსები ემანუელ მაკრონს ჩინეთთან და აშშ-სთან დაკავშირებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ
ევროპელი პოლიტიკოსები ემანუელ მაკრონს ჩინეთთან და აშშ-სთან დაკავშირებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ

ევროპელი პოლიტიკოსები საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ემანუელ მაკრონის სტრატეგიული ავტონომიის იდეა ევროპას გეოპოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს.

„თითქმის ირონიულია, რომ მაკრონი, ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც უკრაინისთვის შოლცზე უფრო ნაკლებს აკეთებს, ჩინეთზე თავისი განცხადებებით აშშ-ს აუცხოებს“, – განაცხადა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, ნორბერტ როტგენმა.

კიდევ ერთი გერმანელი პოლიტიკოსი ტილმან კუბანი ამბობს, ამერიკელებს ასე რომ ეფიქრათ, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა აღარ იარსებებდა და პუტინი ალბათ უკვე პარიზის გარეთ იქებოდა.

ჩეხი პოლიტიკოსები ემანუელ მაკრონს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ. ჩეხეთის მმართველი „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წევრი მიროსლავა ნემცოვა ამბობს, რომ მაკრონმა ჩინეთში შეარყია მთავარი ალიანსი ევროპასა და აშშ-ს შორის.

სტრატეგიული ავტონომია იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიდერლანდებში ვიზიტის დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ემანუელ მაკრონი ჰააგაში, ნექსუსის ინსტიტუტში უსაფრთხოების და ეკონომიკურ საკითხებში ევროპის სუვერენიტეტის შესახებ მოხსენებით წარდგება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 9 აპრილს განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა.