ევროპელი ლიდერები საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გმობენ და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროპელი ლიდერები მომხდარ თავდასხმებს ევროპის ღირებულებებზე თავდასხმებად აფასებენ.
„ჩვენ, ევროპელი ლიდერები, შოკირებული და დამწუხრებული ვართ საფრანგეთში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებით. უმკაცრესად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს საერთო ღირებულებებზე თავდასხმას. ჩვენ ერთიანი და მტკიცე ვართ საფრანგეთისადმი, ფრანგი ხალხისა და საფრანგეთის მთავრობისადმი სოლიდარობაში, ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში. მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს, თემებსა და რელიგიებს შორის გაყოფის ნაცვლად, დიალოგისა და ურთიერთგაგების მისაღწევად იმუშაონ“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
29 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. მოგვიანებთ, ქალაქ ავინიონში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა.