ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ
27-28 მარტს, სტრასბურგში, საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა.
ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული წარმატებული რეფორმები შეაფასეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ.
ევროპელმა კონსერვატორებმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მტკიცე მხარდაჭერა. ევროპელი კონსერვატორები საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესში დიდ პროგრესს მიაღწია და რომელიც გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია. საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანა არამარტო ევროპული კულტურის, ცივილიზაციის, და ისტორიის ნაწილია, არამედ ევროპული პოლიტიკური ოჯახის ნამდვილი კანდიდატია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი რეგიონებია. ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”,- განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ, პოლონელმა დეპუტატმა, ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელმა.
საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა იან ზაჰრადილმა.
“ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონე ეკონომიკური ურთიერთობების, ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, ვაფასებთ მის კარგ ეკონომიკურ გარემოს. ევროპული მხარე სრულად მზად არის იმისათვის, რომ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს ეს ურთიერთობები.” ევროპარლამენტარი, ასევე, ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს: “საქართველოს გეოგრაფიულად დიდი და “ძალიან არამეგობრული მეზობელი ჰყავს”, მისი ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით“, – განაცხადა იან ზაჰრადილმა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუშაობას დღეს დაასრულებს.