„ევროპეისკაია პრავდა“ - უკრაინამ რეფორმების შვიდი ბლოკი უნდა შეასრულოს, ბრიუსელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს კანდიდატის სტატუსი, ან პირიქით, გადაიყვანოს უკრაინა ან მოლდოვა შემდეგ ეტაპზე
ევროკომისიის დასკვნით, ევროკავშირმა უკრაინას შესაძლოა, კანდიდადის სტატუსი გაუუქმოს, თუ უკრაინა თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ სტატიაშია აღნიშული.
გამოცემის რედაქტორი სერგეი სიდორენკო აღნიშნავს, რომ ასეთი დებულებები ჯერ არ ყოფილა წევრობის განაცხადების შესახებ ევროკომისიის არც ერთ გადაწყვეტილებაში.
„ფაქტობრივად, ბრიუსელმა თქვა, რომ უკრაინა არ არის მზად, იყოს კანდიდატი, მაგრამ მაინც იღებს ამ სტატუსს. ამავე დროს, დადგინდა რეფორმების 7 ბლოკი, რომელიც უკრაინამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლად. ბრიუსელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს სტატუსი, ან პირიქით – გადაიყვანოს უკრაინა ან მოლდოვა შემდეგ ეტაპზე“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირს არ დაუდგენია ზუსტი თარიღი, რომლითაც უკრაინამ უნდა დაამტკიცოს რეფორმების გატარების უნარი. გამოცემის მიხედვით, ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროკომისია პირველ შეფასებას 2022 წლის ბოლოს ჩაატარებს, თუმცა უკრაინაში რეფორმების განახლებისთვის საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს, ამიტომ ვადა სავარაუდოდ, გაგრძელდება.