ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. კანონპროექტით, განსაზღვრულია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები. წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები. ასევე, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონპროექტში მოცემულია ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები. პროექტის თანახმად, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.
„პირველი მოსმენის შემდეგ, სტილისტური თვალსაზრისით დაიხვეწა კანონპროექტი, ასევე, შევიდა ტექნიკური ცვლილებები, დაიხვეწა ტერმინოლოგია, დაზუსტდა კანონპროექტის რეგულირების სფერო და განიმარტა, თუ რომელ მარეგულირებელ ორგანოს არ შეეხება რეგულირების თავი. ასევე, კანონების ჩამონათვალს, რომელზეც არ გავრცელდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება.
გაჩნდა ახალი მუხლი დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ. სტრუქტურულად გადალაგდა კანონპროექტის მუხლები და უფრო მოსახერხებელი და ქართული საკანონმდებლო აქტების სტრუქტურასთან მეტად დაახლოებული გახდა. კანონპროექტი, ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით, შინაარსობრივად უფრო მეტად დაახლოვდა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და გასწორდა დირექტივებთან მიმართებაში არსებული უზუსტობები“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მუხლობრივი და დეტალური განხილვის შემდეგ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.