ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს
ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის განცხადებაში.

როგორც ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგან, უნდა გაასაჯაროოს, როგორ იყენებს ამ დაფინანსებას. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ამ დრომდე მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარებოდა.

„პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მომავალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია მათი დაფინანსების განაწილების შესახებ, მათ შორის საბოლოო მიმღებთა ვინაობა და მათი დაფინანსების წყაროები. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული კარგი ნაბიჯი. გამჭვირვალობა არ არის ცალმხრივი. ის უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკუს პიპერმა, რომელიც ევროპარლამენტში აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი ანგარიშის ავტორია.

ანგარიში ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს სხვადასხვა სექტორში, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ მონიტორინგი ამჟამად შემოიფარგლება ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც პირდაპირ გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ანგარიში მოუწოდებს ევროკომისიას, გულდასმით შეამოწმოს დაფინანსების გადანაწილება და შეაფასოს ცალეული ბენეფიციარების მიერ მათი გამოყენება.

ანგარიშში ასევე საუბარია „კატარგეიტის“ კორუფციულ სკანდალზე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გასაჯაროვდა და რომელშიც გარეული იყვნენ ევროპარლამენტში სოციალისტთა ჯგუფის დეპუტატები და მაღალჩინოსნები.

„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ ევროპარლამენტში კანონმდებლობაზე და ამავე დროს იღებენ თანხებს ევროკომისიისგან, სულ მცირე, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა მოხდეს მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ ანგარიშით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა მომავალი კორუფციული სკანდალების თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს პიპერი და აღნიშნავს, რომ მიუღებელია, რამდენიმე „შავმა ცხვარმა“ შელახოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაცია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მემარცხენე ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა მიაღწია, რომ ანგარიშში ასევე შესულიყო მოწოდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ გამოაქვეყნონ ინტერნეტში ყველა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, მათ თანაშემწეებთან ან ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

„სტანდარტები, რომლებიც ვრცელდება ბიზნეს-ლობისტებზე ასევე უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მოხარული ვარ, რომ „ევროპის სახალხო ჯგუფის“ წყალობით, ევროპარლამენტმა უფრო ძლიერი სიგნალი გაგზავნა. ველოდები, რომ ევროკომისია სწრაფად იმოქმედებს“, – განაცხადა პიპერმა.

ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეთავაზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო გარიცხვის სიის შექმნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ, ვინც დაკავშირებული იყო სიძულვილის ენასთან ან რელიგიურ ექსტრემიზმთან, აეკრძალოს ევროკავშირის ფონდებზე წვდომა.