ევროპარლამენტში ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების დაწესებასა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებას ითხოვენ
ევროპარლამენტში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი სანქციების დაწესებასა და პროექტის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ შეჩერებას ითხოვენ. შესაბამისი მოწოდებებით ევროდეპუტატები პლენარულ სესიაზე ალექსეი ნავალნის საქმეზე დებატებისას გამოვიდნენ.
„ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო გაართულა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ისედაც უცნაური ურთიერთობები. რუსეთში მთავრობის კრიტიკოსების დაშინება და პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა.
დევიდ მაკალისტერი საჭიროდ მიიჩნევს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ნავალნის დაკავებასთან აქვთ კავშირი.
„ნავალნის მოწამლვა და დაკავება მხოლოდ უკანასკნელია იმ მრავალ არგუმენტს შორის, რომელიც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობას ადასტურებს. ევროკავშირის მხრიდან რეაგირება უნდა იყოს მკაფიო და გავაფართოვოთ უკვე დაწესებული სანქციები, რათა ისინი გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ნავალნის დაკავებაში და რომლებმაც შესაბამისი ბრძანებები გასცეს. 2020 წლის დეკემბრიდან ევროკავშირს გააჩნია მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების დაწესების ინსტრუმენტი. ჩვენ არ უნდა ვიყოყმანოთ, რომ გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი, როცა და სადაც საჭიროა“, – განაცხადა მაკალისტერმა.
ესტონელი ევროპარლამენტარის ურმას პაეტის თქმით, ევროკავშირის მიდგომა რუსეთის მიმართ უნდა იყოს ერთიანი, იქნება ეს სასანქციო, თუ ენერგეტიკული პოლიტიკა.
ევროპარლამენტის წევრმა კატი პირიმ ნავალნის მოწამლვის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს სუსტი უწოდა და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტის შეჩერება მოითხოვა. კატი პირის თქმით, სულ რაღაც ოთხი თვის წინ ნავალნი ძლივს გადაურჩა „ეფესბეს“ მხრიდან მკვლელობის მცდელობას, რის შემდეგაც რუსი ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა, რათა კრმელის დანაშაულებრივი ქმედებები გამოააშკარავოს.
„პუტინმა ვერ შეძლო მისი მოკვლა, ამიტომ ახლა ის დააპატიმრა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა კრემლს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს და ეს გააკეთოს არა იმ სუსტი სანქციებით, რომლებიც ექვს პირს ნავალნის მოწამვლის შემდეგ დავუწესეთ. ჩვენ უნდა განვიხილოთ სერიოზული სანქციები, თუ ნავალნი ციხეში დარჩება. თუ ვინმეს კიდევ მიაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, ვერ ხედავს, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. დროა, რომ ჩვენ ასევე გამოვავლინოთ სიმამაცე“, – განაცხადა კატი პირიმ.
გერმანელმა პოლიტიკოსმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირს რუსეთის მიმართ მიდგომის გამკაცრებისკენ მოუწოდა და „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერება, ასევე ინდივიდუალური და სექტორალური სანქციები მოითხოვა.
„კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულებრივი ქმედებები მას ძვირი დაუჯდება“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.
პროექტ „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის შეჩერების მოთხოვნას შეუერთდა პოლონელი დეპუტატი იადვიგა ვიშნევსკა, რომელმაც გაზსადენს უწოდა პოლიტიკური პროექტი, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის დამოკიდებულებას ზრდის.
„ევროპული სოლიდარობა დამარხულია ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენებთან ერთად“, – აღნიშნა მან.