ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების მიუღებლობის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
კერძოდ, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 531-მა დეპუტატმა, 7 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.
წინადადების თანახმად, „კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული, თუმცა უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას“.
კენჭისყრის შემდეგ, მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა განაცხადა: „ევროპარლამენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რომ დარწმუნდეს, პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს უკანონო ომისთვის, უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო დანაშაულისთვის“.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული ევროკავშირის საბჭოს მიერ, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.