ევროპარლამენტმა მოლდოვა დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა
ევროპარლამენტმა მოლდოვა დემოკრატიული სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა. ევროპელმა დეპუტატებმა მოლდოვას უწოდეს სახელმწიფო, რომელიც „ოლიგარქების ინტერესებითაა მოცული”.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, კიშინიოვს ფინანსური დახმარება არ აღუდგინოს, ვიდრე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. აღნიშნული მოწოდების შემცველი რეზოლუცია სტრასბურგში 14 ნოემბერს დაამტკიცეს.
„ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, მოლდოვაში არ არის დაცული და მათ ძირს, მმართველი პოლიტიკური ძალები უთხრიან. ამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან მხოლოდ ბიზნესინტერესები აკავშირებთ. ამის გამო მოლდოვაში ძალაუფლება ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელშია, რომელიც ზეგავლენას ახდენს პარლამენტზე, მთავრობაზე, პარტიაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პოლიციაზე, მართლმსაჯულების ორგანოებზე და მედიაზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამას გარდა, ევროპარლამენტში შეშფოთება გამოთქვეს მოლდოვაში უფლებადამცველების, დამოუკიდებელი მოსამართლეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ კიშინიოვს ფინანსური დახმარება საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა აღუდგინოს. არჩევნები 2019 წლის თებერვალშია დაგეგმილი.