ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია გამოაქვეყნა
ევროპარლამენტის საიტზე ქვეყნდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებული ვერსია.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატური რეაგირების გამო.
რეზოლუციის პროექტის კონსოლიდირებულ ვერსიაში აღნიშნულია:
1. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის;
2. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, აგრეთვე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის. იღებს მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებას ევროპული რეფორმების დღის წესრიგში ქვეყნის პროგრესის წინ წაწევისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის თაობაზე, მოწოდებას ყველა მხარისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შესახებ და სთავაზობს მას, გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება;
3. ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე, მიაწოდოს მას ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს მის ფუნდამენტურ უფლებას და პიროვნულ ღირსებას;
4. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის მიღების საქმეში;
5. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ განგრძობადი წარუმატებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას და შეზღუდავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს;
6. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატში, მიხეილ სააკაშვილის განგრძობადი პატიმრობა მხოლოდ აღრმავებს ბზარს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და არყევს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას;
7. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე გამოკვეთს სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის იმპლემენტაციის აუცილებლობას;
8. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და კომისიას, გააგრძელონ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესების სისტემატური მონიტორინგი როგორც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების, ისე საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის საქმეებზე;
9. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ევროსაბჭოს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.