ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 577-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.

ამასთან, გუშინ გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ პროექტს დღეს დაემატა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ინიცირებული შენიშვნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

მიღებული შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც პერსონალური ვენდეტის ნაწილს. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილის პერსონალური სანქცირება, მისი როლისთვის საქართველოს პოლიტიკური პროგრესის გაუარესებაში“.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობისთვის ვალდებულების ევროპული ღირებულებისა და მისი გაცხადებული ევროპული მისწრაფებისთვის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის;

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. მიეცეს მას უფლება, მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ საფუძველზე, აგრეთვე პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისთვის. იღებს მხედველობაში საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადებას ევროპული რეფორმების დღის წესრიგში ქვეყნის პროგრესის წინ წაწევისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის თაობაზე, მოწოდებას ყველა მხარისთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრის შესახებ და სთავაზობს მას, გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება;

ამასთან, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე, მიაწოდოს მას ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცეს მის ფუნდამენტურ უფლებას და პიროვნულ ღირსებას;

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ საჭირო სამედიცინო მკურნალობის მიღების საქმეში;

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ განგრძობადი წარუმატებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას და შეზღუდავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს;

ევროპარლამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატში, მიხეილ სააკაშვილის განგრძობადი პატიმრობა მხოლოდ აღრმავებს ბზარს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და არყევს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას;

ამასთან, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე გამოკვეთს სასამართლო სისტემის საფუძვლიანი რეფორმის იმპლემენტაციის აუცილებლობას;

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და კომისიას, გააგრძელონ მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესების სისტემატური მონიტორინგი როგორც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების, ისე საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის საქმეებზე;

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ევროსაბჭოს და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.