ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს საბანკო სისტემა SWIFT-იდა გათიშვით და სხვა მკაცრი სანქციებით დაემუქრა.
ევროდეპუტატების თქმით, ხისტი სანქციები რუსეთს იმ შემთხვევაში დაუწესდება, თუ კრემლი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება.
ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, არ დაუშვან გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედება.
ამას გარდა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ მორიგი აგრესიის შემთხვევაში, სანქციები უნდა დაუწესდეს რუს სამხედროებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვასა და მის ოჯახის წევრებს.
დოკუმენტს მხარი 548 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 69 წინააღმდეგ წავიდა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ახალი შეზღუდვების ფარგლებში შემუშავებული ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებს უნდა გაუყინონ ფინანსური აქტივები და მათ უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა. ამას გარდა, ევროპარლამენტარები მოითხოვენ რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან გათიშვას და რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
ევროდეპუტატები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სასწრაფო წესით უნდა შეამციროს მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე და უფრო მეტი სოლიდარობა გამოიჩინოს უკრაინის მისამართით. ამისთვის, ევროდეპუტატები რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის შეჩერებას მოითხოვენ. ამ გაზსადენით რუსული გაზი, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხვდეს ევროპაში.
„კომპრომისები რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება სისუსტედ და უბიძგებს მოსკოვს აგრესიისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნებმა ალიანსები მესამე მხარის თანხმობის გარეშე უნდა აირჩიონ და რუსეთის მხრიდან „გავლენის სფეროების“ აღდგენა მიუღებელია.