ევროპარლამენტმა მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას. გადაწყვეტილების სასარგებლოდ 598, წინააღმდეგ კი, 55 ხმა დაფიქსირდა.
ფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშის სახით მიიღებს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ სესხის მიზანია „სწრაფი მხარდაჭერა მწვავე კრიზისის ვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაძლიერება“. თანხის ნახევარი, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიყოფა და ის უკრაინაში სტაბილურობის გაძლიერებას მოხმარდება. ამასთან, თანხის გასაცემად, ქვეყანამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში პროგრესი.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ თანხის გაცემის წინაპირობა ასევე არის „ეფექტური დემოკრატიული მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და კანონის უზენაესობა, ასევე გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვაში“.