ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ევროდეპუტატ ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყვიტა
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატს, ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 625-მა ევროდეპუტატმა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა. ევა კაილი ამ ეტაპზე ევროდეპუტატის მანდატს ინარჩუნებს.
მანამდე ბერძენი ევროდეპუტატი ევა კაილი ბერძნული სოციალისტური პარტია „პასოქიდან“ გარიცხეს.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. თავად ბერძენი ევროდეპუტატი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა.