ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო
ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, ორი ევროპარლამენტარისთვის, ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელასთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო. ორივე მათგანი „სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის“ წევრია.
„მე დავიწყე საგანგებო პროცედურა ევროპარლამენტის ორი წევრისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად. არ იქნება დაუსჯელობა“, – წერს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე რობერტა მეცოლამ იმუნიტეტი მოუხსნა და მანდატი შეუჩერა ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილის, რომელიც ამავე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. ევა კაილი 10 დეკემბერს ბელგიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი ედება კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში. მის გარდა, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი აიყვანა. ჩხრეკის ოპერაციის ფარგლებში კი, 600 ათასი ევროა ამოღებული.