ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის აქტი დაამტკიცა. შესაბამის რეგულაციას ევროპარლამენტის 523-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 49 კანონმდებელმა კი თავი შეიკავა. ეს იქნება პირველი კანონი მსოფლიოში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს არეგულირებს.
როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ხელოვნური ინტელექტის აქტის მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტის რისკებისგან და ამავე დროს ინოვაციების ხელშეწყობა. შესაბამისი ინიციატივა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში შეათანხმეს.
ახალი წესები კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთ აპლიკაციას, რომელიც ლახავს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის ბიომეტრიული კატეგორიზაციის სისტემები, ასევე ინტერნეტიდან ან სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან სახეების გამოსახულებების გამოყენება ამომცნობი სისტემების შესაქმნელად. გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს დაკარგული ან ძებნილი ადამიანის სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნა ან ტერორისტული თავდასხმის აღკვეთა.
ახალი კანონი ხელოვნური ინტელექტის სისტემებს მკაფიო ვალდებულებებს უწესებს, კერძოდ, მათ უნდა შეაფასონ და შეამცირონ რისკები, უზრუნველყონ გამჭვირვალობა და სიზუსტე და ადამიანური ზედამხედველობა, დაიცვან საავტორო უფლებების შესახებ ევროკავშირის კანონი. ამასთან, ხელოვნურად ან მანიპულაციის გზით შექმნილ ფოტო, აუდიო ან ვიდეომასალას უნდა ჰქონდეს თანდართული მკაფიო ნიშანი.
სამართლებრივი და ლინგვისტური შემოწმების გავლის შემდეგ კანონი საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. კანონი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ.