ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც მუშაობას ოთხი დღის შემდეგ პირველ დეკემბერს დაიწყებს.
ახალ შემადგენლობას სათავეში ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაუდგება. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა. ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა 461-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 157 წავიდა, 89 კი თავი შეიკავა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 707-მა პარლამენტარმა მიიღო. კენჭისყრამდე დებატები გაიმართა. ფონ დერ ლაიენმა კომისიის მუშაობის პრიორიტეტებს შორის მწვანე ენერგეტიკა, კულტურა და განათლება დაასახელა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე პირველი ქალია. ახალ შემადგენლობაში რეკორდულად დიდი რაოდენობის ქალი შედის 27 წევრიდან 12 ქალია.