ევროპარლამენტის წევრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართეს - მოგიწოდებთ, გამოიყენოთ საქართველოში ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი
ევროპარლამენტის წევრები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშავოს.
„საქართველოში, თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან ასოცირებულ წევრ ქვეყანაში სწრაფად გაუარესებად პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ევროპარლამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაშია აღნიშნული, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ველოდით საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებების დადასტურებას. ამის ნაცვლად, არჩეული წევრების ერთი-მესამედი, არჩევნების გაყალბების მიზეზით, უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის“ წარმოაჩინა შეუსაბამობა საარჩევნო უბნების პროტოკოლების 8%-ში, სხვა საარჩევნო ხარვეზებთან ერთად.
23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დახურულ სივრცეში, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაკავების შემდეგ დაძაბულობამ მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის უკიდურესად სახიფათო დონეს მიაღწია.
ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ ვითარებას, როდესაც ძალის გამოყენება და რევანშიზმი დომინანტური ტენდენცია გახდა, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საზოგადოებასა და ქვეყანაში.
„მეტიც, პოლიტიკური კრიზისი რისკია, რომ საქართველო ასცდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმების გზას.
მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ პარტიათაშორისი დიალოგი, რომელიც კონკრეტულ ურთიერთგაგების მემორანდუმამდე უნდა მივიდეს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში თანამშრომლურ და ინკლუზიურ პოლიტიკურ გარემოზე.
ტემპი და ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა კვლავ ჩაერთვება პარტიათაშორის დიალოგში, ასახავს მათ სწრაფვას, დაადასტურონ საქართველოს გაცხადებული ევროპული მისწრაფებები.
გვჯერა, რომ ამ პროცესში, ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუძლია, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს. შესაბამისად, ჩვენ მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ მათთან თქვენი ვიზიტის დროს.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენ პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის. ჩვენს შესაძლებლობებში, მზად ვართ, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ამ დრომდე დაუღალავად ახორციელებდა ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: პერტას აუშტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი.