ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა
ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ქვეყანაში არსებული სიტუაცია დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაუარესდა ოპოზიციის ლიდერების დაკავებით, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი გამოძიების არარსებობით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. ასევე, გაგრძელდა სხვა ისეთი რეფორმების შესრულების ტემპის შენელება, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დეცენტრალიზაცია.
დოკუმენტის თანახმად, მაშინ, როდესაც წინა რეფორმებმა შექმნა შედარებით პლურალისტური მედიაგარემოს წარმოქმნის შესაძლებლობა, ბოლო დროს მედიაგარემო გახდა მიმდინარე პოლარიზაციის მსხვერპლი და ჟურნალისტები ახლა უფრო რთულ სამუშაო პირობების წინაშე არიან.
პოზიტიური განვითარების კუთხით აღინიშნება გენდერული საკითხები, კერძოდ, საუბარია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისა და სამსახურებში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების ზომებზე; ასევე წინ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ბავშვთა უფლებების კოდექსი.
კვლევით ანგარიშში ასევე ხაზგასმულია კარგი პროგრესი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში, ასევე სამართლებრივი ნორმების დაახლოებაზე მუშაობაში, რაც საჭიროა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების უპირატესობებით სარგებლობისთვის.
წინა ანგარიშთან შედარებით, ბოლო კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობის უფრო დეტალური სურათი. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ ამბიციური ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მუშაობა გააგრძელა და ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის მიერ ევროპულ გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ რთულ პირობებში. ამის მიუხედავად, დოკუმენტის თანახმად, იყო რიგი შემაშფოთებელი მოვლენებისა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მართლმსაჯულება, დემოკრატია და პლურალიზმი, ასევე უმცირესობების დაცვა. ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენებმა ევროკავშირი და საქართველო მათ ურთიერთობებში კრიტიკულ მომენტამდე მიიყვანა.
როგორც აღწერაში ვკითხულობთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ დოკუმენტი მომზადდა ევროპარლამენტის წევრებისთვის, როგორც ცნობარი საპარლამენტო მუშაობაში დასახმარებლად. ანგარიშის ავტორები არიან სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის კოლეჯის მოწვეული პროფესორი ლორ დელკური, ასევე ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები – ჰანა აჰამად მადატალი და ტალანდერ იანსენი.
„დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მის ავტორ(ებ)ს და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც პარლამენტის ოფიციალური პოზიცია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.