ევროპარლამენტის თავმჯდომარე - ევროკავშირის მომავლისთვის ახალი იდეები გვჭირდება
ევროკავშირის მომავლისთვის ახალი იდეები გვჭირდება – ეს განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე, დავიდ სასოლიმ, ევროპის დღის აღსანიშნავად „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„ჩვენ ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან ძველ უსამართლობასთან და ძველ მოდელებთან დაბრუნებით. ძალიან ბევრი ევროპელი იბრძვის, ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები ჩვენი კავშირის მომავლისთვის. უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპას შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა. სამოცდაათი წლის წინ 9 მაისს, რობერტ შუმანმა გამოაცხადა მედიისთვის გაუგონარი პროექტი, გერმანიისა და საფრანგეთის შერიგება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, ქვეყნებმა, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ გადაწყვიტეს ერთად ემუშავათ“, – აცხადებს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ვიდეომიმართვაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მისივე თქმით, ევროკავშირს დღეს სჭირდება ერთიანობა.
„პოლიტიკას, რომელიც საერთო ინტერესებსა და სიმამაცეს ეყრდნობა, შეუძლია, გააუმჯობესოს და შეცვალოს რეალობა“, – ამბობს დავიდ სასოლი.