ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება
ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება

ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების თარიღი ევროკაშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა დაამტკიცეს. მომდევნო არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს.

ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად.

საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა, კენჭი იყაროს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით.

ადრეული პროგნოზით, ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) დაკარგავს თითქმის 20 ადგილს, მაგრამ დარჩება უდიდეს ფორმირებად 163 ევროპარლამენტართან ერთად. მეორე ადგილზე კი სოციალისტების და დემოკრატების (S&D) ჯგუფი იქნება, 141 დეპუტატით.