ევროპარლამენტის სამართლებრივმა კომიტეტმა ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში რუმინელი და უნგრელი კანდიდატები არ დაამტკიცა
ევროპარლამენტის სამართლებრივმა კომიტეტმა ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში რუმინელი და უნგრელი კანდიდატები არ დაამტკიცა. ამის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი გახდა.
რუმინელი როვანა პლუმბი წარდგენილი იყო ტრანსპორტის საკითხში ევროკომისრის პოსტზე, უნგრეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ლასლო ტროჩანი კი, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისრის თანამდებობაზე.
აღსანიშნავია, რომ ხმების საკმარისი რაოდენობა აღნიშნულმა კანდიდატებმა 26 სექტემბერს სამართლებრივი კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზეც ვერ დააგროვეს. კომიტეტმა დაადგინა, რომ ლასლო ტროჩანისა და როვანე პლუმბის ფინანსური ინტერესები თანამდებობასთან შეუთავსებელია.
აღსანიშნავია, რომ ლასლო ტროჩანი ვიქტორ ორბანის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას 2014 წლიდან 2019 წლის მაისში ევროპარლამენტში არჩევამდე იკავებდა.
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ტროჩანი ევროკომისრის პოსტის დასაკავებლად ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია. ორბანის თქმით, მისი „დანაშაული“ ისაა,რომ ის უnგრეთის მთავრობას ქვეყნის მიგრაციისგან დასაცავად ეხმარებოდა, რადგან სწორედ ტროჩანის მონაწილეობით უნგრეთის მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომელმაც მიგრაციული წესები გაამკაცრა.
ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა ნოემბრიდან უნდა დაიწყოს. ევროკომისრების თანამდებობებზე წარდგენილმა დანარჩენმა კანდიდატებმა სამართლებრივი კომიტეტის მხარდაჭერა უკვე მიიღეს. ახლა ისინი ევროპარლამენტის წევრების წინაშე ინდივიდუალურად უნდა წარდგნენ.