ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ კვლავ დევიდ მაკალისტერი დაამტკიცეს
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ კვლავ გერმანელი ევროდეპუტატი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი დევიდ მაკალისტერი დაამტკიცეს.
აღნიშნულ პოსტზე მაკალისტერს კონკურენტები არ ჰყავდა, ამიტომ მის ასარჩევად კენჭისყრის ჩატარებაც კი არ გახდა საჭირო. კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშიკოვსკი აარჩია. ვაშიკოვსკი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციას წარმოადგენს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ, მაკალისტერმა თავის პრიორიტეტებს შორის მესამე ქვეყნებისთვის საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა, ევროკავშირის გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკის მონიტორინგი და ევროკავშირის საერთაშორისო შეთანხმებების შემოწმება დაასახელა. მაკალისტერის თქმით, ევროკავშირი ახალი წევრებისთვის ღიაა.
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა: ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი ღიაა ახალი წევრებისთვის. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს ევროპაში, იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და მზად არის, გაწევრიანების რთული პროცესი გაიაროს, საბოლოოდ შეუძლია, ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მხრივ ყურადღება ახლა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა მიმართული.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე იგეგმებოდა თავმჯდომარის კიდევ სამი მოადგილის არჩევა, თუმცა ვინაიდან კანდიდატებს შორის არც ერთი ქალი არ იყო, კენჭისყრა გადაიდო.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ შემადგენლობაში ბევრი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსია. მათ შორისაა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 82 წლის სილვიო ბერლუსკონი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ, ბულგარეთის ყოფილი პრემიერი სერგეი სტანიშევი, პოლონეთის ყოფილი პრმიერ-მინისტრი ვლოდზიმერშ ციმოშევიჩი, ასევე პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი.