ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის მანდატი შეუჩერა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის ვიცე-პრეზიდენტის მანდატი შეუჩერა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით, რობერტა მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერს.
მანამდე კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
გერმანული „შპიგელის“ ცნობით, ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე ევროპარლამენტში ისმის მოწოდებები, რომ კატართან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხების განხილვა დროებით შეჩერდეს. კერძოდ, საუბარია ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ინიციატივაზე, რომელიც ორშაბათს უნდა დაანონსებულიყო.