ევროპარლამენტის პრეზიდენტი - პუტინის შეჭრამ დაარღვია მშვიდობა, მზარდი საფრთხეების მიმართ ევროპის პასუხი უნდა იყოს პროპორციული, სერიოზული და რეალური
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - პუტინის შეჭრამ დაარღვია მშვიდობა, მზარდი საფრთხეების მიმართ ევროპის პასუხი უნდა იყოს პროპორციული, სერიოზული და რეალური

პუტინის შეჭრამ დაარღვია მშვიდობა, რომელსაც ჩვენი თაობა იცნობს. ამან ყველაფერი შეცვალა და ევროპის პასუხი უნდა იყოს პროპორციული, სერიოზული და რეალური მზარდი საფრთხეების მიმართ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღევანდელ სესიაზე განაცხადა.

სესია ეძღვნება „ევროკავშირის როლს ცვალებად სამყაროში და ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში რუსული აგრესიისა და შეჭრის შემდეგ“.

„ამიტომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ევროკავშირის როლი ამ ახალ სამყაროში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ინვესტიციები თავდაცვასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებში. ახლა დროა, გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები ყველა ევროპელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა დროულად ავაშენოთ რეალური უსაფრთხოება, დავიცვათ კავშირი და შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება კრემლზე. რაც აქამდე ვიხილეთ ევროპული კოორდინაციის, სოლიდარობისა და ერთიანობის თვალსაზრისით, უპრეცედენტოა და ეს უნდა იყოს გეგმა იმისა, რის გაკეთებასაც ვაპირებთ მომავალში. ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფოებმა მიიღეს 1.5 მილიონი უკრაინელი ჩვენს საზოგადოებებში, ჩვენს სახლებსა და გულებში. ჩვენ შევაჯერეთ მასშტაბური სანქციები პრაქტიკულ სოლიდარობასთან ევროპული ღირებულებების დემონსტრირებისთვის. მჯერა, მეტი შეგვიძლია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც შევძლებთ. ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინისთვის და ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა მეცოლამ.