ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების განცხადების პროექტი - ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის
ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განცხადების პროექტში ნათქვამია:
„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია ტექსტში.
გამოცემის ცნობით, წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინება, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.