ევროპარლამენტის ათასზე მეტი თანამშრომლისა და წევრის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
ევროპარლამენტის ათასზე მეტი თანამშრომლისა და წევრის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებას საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის საკითხებში ევროპარლამენტის ვიცე-პრემიერმა მარსელ კოლაიამ განუცხადა, გასაჯაროებულია ევროპარლამენტის 1200-მდე წევრისა და თანამშრომლის პირადი მონაცემები.
გარდა ამისა, ინტერნტეში ასევე მოხვდა ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების 15 ათასამდე ანგარიში.
მარსელ კოლაია მომხდარს პერსონალური მონაცემების სეროზულ დარღვევად აფასებს.
მისი თქმით, ინტერნეტში გაჟონილ მონაცემებს შორის არის სენსიტიური ინფორმაცია და პაროლები.
კოლაიას თქმით, დაზარალებულია ევროპარლამენტის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი. ევროპელმა პოლიტიკოსმა ჯგუფის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა როგორც „პოლიტიკო“ წერს, საუბარია „ევროპის სახალხო პარტიაზე“.
ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის პრესსპიკერი პედრო ლოპეს დე პაბლო ადასტურებს, რომ გასაჯაროებულია მონაცემთა ბაზა, რომელიც ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და პაროლებს შეიცავს.
თუმცა, მისი თქმით, ეს მონაცემთა ბაზა დაძველებულია და შეიცავს მხოლოდ ინფრომაციას, რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკური ჯგუფის ძველი ვებგვერდის გამომწერები.
პედრო ლოპეს დე პაბლოს თქმით, აღნიშნული ვებგვერდი აღარ გამოიყენება, რადგან 2019 წლის იანვრიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფს ახალი ვებგვერდი აქვს. როგორც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროპის სახალხო პარტიის მონაცემთა ამჟამინდელი ბაზა არ გასაჯაროვებულა.