ევროპის მოქალაქეები ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ – ასეთია ევროპარლამენტის არჩევნების პირველი შედეგი. როგორც წინასწარი შედეგებიდან ჩანს, ევროპარლამენტის ორი მთავარი, გავლენიანი ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ მანდატებს დაკარგავენ და ე.წ. დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ მოახერხებენ.
„ევრონიუსის“ წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ ახალ ევროპარლამენტში 178 მანდატს მიიღებს, ხოლო „სოციალ-დემოკრატები“ 152 ადგილს დაიკავებენ.
შედარებისთვის, 2014 წელს ჩატარებული არჩევნების დროს, „ევროპის სახალხო პარტიამ“ 216 მანდატი მოიპოვა, ხოლო „სოციალ-დემოკრატებმა“ 191 ადგილი მიიღეს.
ორი მთავარი პარტიის წარუმატებლობის ხარჯზე, მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს „მწვანეებმა“ და „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსმა“. „მწვანეებს“ 50 მანდატის ნაცვლად ახალ პარლამენტში 67 დეპუტატი ეყოლება, ხოლო ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს 108 მანდატის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ.
„მწვანეებმა“ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს გერმანიაში, სადაც ისინი მეორე ადგილზე არიან.
საფრანგეთში კი „ლიბერალ-დემოკრატების ალიანსმა“, რომელშიც ემანუელ მაკრონის პარტია შედის, მეორე ადგილზე გასვლა და 21 მანდატის მიღება მოახერხა.
ექსპერტების მოსაზრებით, ამ ორი ჯგუფიდან ერთ-ერთი გახდება ევროპარლამენტში ახალი უმრავლესობის წევრი.
რაც შეეხებათ ნაციონალისტებს, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენეების გავლენა იზრდება. თუმცა, ნაციონალისტებმა ვერ მოახერხეს მთელ ევროპაში დაწინაურება. წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში.
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ულტრამემარჯვენეებმა გერმანიაშიც, სადაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 11 პროცენტი მიიღო.
დიდ ბრიტანეთში ევროსკეპტიკოსმა, ნაიჯელ ფარაჯმა, რომელიც ბრექსიტს უჭერს მხარს, ორივე მთავარი პარტიის, კონსერვატორებისა და ლეიბორისტების დამარცხება შეძლო.
უნგრეთში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“, რომელიც ასევე აკრიტიკებს ევროკავშირის მმართველ ელიტას, ამომრჩეველთა ხმების 52% მიიღო და მას ევროპარლამენტში 21 ადგილი ექნება.
პოლონეთში ასევე გაიმარჯვეს ულტრამემარჯვენეებმა. მმართველმა პარტიამ, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა ხმების 45% მიიღო.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ულტრამემარჯვენე პარტიების ევროპარლამენტში ახალი მძლავრი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას შეძლებენ, რომელშიც სავარაუდოდ შევლენ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის „ლიგა“ და ფრანგი ნაციონალისტ მარინ ლე პენის პოლიტიკური პარტია.
რაც შეეხება ევროპის სამხრეთს, ესპანეთში გაიმარჯვეს სოციალისტებმა, ხოლო ულტრამემარჯვენეებმა მხოლოდ 6%მიიღეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.
საბერძნეთში კი მმართველმა სოციალისტებმა წააგეს და კონსერვატორებმა გაიმარჯვეს. ამ შედეგების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა ციპრასმა ვადამდელი არჩევნების გამართვა გადაწყვიტა.
ევროპარლამენტის არჩევნებში წელს რეკორდული რაოდენობით ამომრჩეველი მონაწილეობდა. საკუთარი არჩევანი 200 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გააკეთა. აქტივობამ 51%-ს მიაღწია.
ყველაზე მაღალი აქტივობა იყო უნგრეთში, პოლონეთსა და დანიაში.
ექსპერტების მოსაზრებით, ამომრჩეველთა გააქტიურება ულტრამემარჯვენე პოპულისტების გაძლიერებამ და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა განაპირობა.