ევროპარლამენტი უკრაინის არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის უკრაინას დემოკრატიულ გარდაქმნებში გვერდით დაუდგება და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ევროპარლამენტის მისია უკრაინაში შვიდი დეპუტატითაა წარმოდგენილი. ისინი ექვს სხვადასხვა პარტიას მიეკუთვნებიან. ისინი დააკვირდებიან არჩევნებს კიევსა და კიევის ოლქში, ლვოვსა და ოდესაში. გუშინ ჩვენ შევხვდით პარტიებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და არასამთავრობოებს, რათა მიგვეღო დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში. ჩვენი მისია თანამშრომლობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთო-ს ასამბლეის მისიებთან და ეს არ არის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია. ჩვენი ანალიტიკოსები დააკვირდებიან და შეისწავლიან საარჩევნო კამპანიის გარემოს და ატმოსფეროს“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხვალ 21 ივლისს გაიმართება.