ევროპარლამენტი შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები არ აღიაროს
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა.
აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდება.
ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება უკანონოა. ასევე, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ რუსეთის მიერ აღნიშნულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის შესაბამისად, კომისია კონსულტაციას გამართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სიას, რომელიც მომავალში არ უნდა აღიარონ.
ევროპარლამენტის წევრებმა ასევე განიხილეს საბჭოს ინიციატივაში შესატანი ცვლილებები. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, დეპუტატებს სურთ ხაზი გაუსვან, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული საფუძვლით შევიდეს. ევროპარლამენტის პოზიცია ასევე აძლევს ევროკომისიას უფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების სიაში დაამატოს ან ამოიღოს ახალი რეგიონები.